9 Ιουνίου, 2023

იბრძოლე დისკრიმინაციის წინააღმდეგ – იცოდე შენი უფლებები ­­

რა არის დისკრიმინაცია

პირდაპირ დისკრიმინაციას ადგილი აქვს, როდესაც რომელიმე პირი განიცდის იმაზე ნაკლებად კეთილგანწყობილ მოპყრობას, ვიდრე სარგებლობს, სარგებლობდა ან ისარგებლებდა სხვა პირი ანალოგიურ ვითარებაში, კანის ფერის, რასის, ეროვნული თუ ეთნიკური კუთვნილების, წარმომავლობის, რელიგიური ან სხვა მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ქრონიკული დაავადების, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის ან სოციალური სტატუსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სქესობრივი მახასიათებლების ნიშნის მიხედვით.

ირიბ დისკრიმინაციას ადგილი აქვს, როდესაც, ერთი შეხედვით, რომელიმე ნეიტრალურ სამართლებრივ სტატუსს, კრიტერიუმს ან პრაქტიკას შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მქონე პირი სხვა პირებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს.

შევიწროება განიმარტება დისკრიმინაციად, თუ ადგილი აქვს არასასურველ ქცევას, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთთან და მიმართულია პიროვნების ღირსების შელახვაზე და დამაშინებელი, მტრული, ღირსების დამაკნინებელი, დამამცირებელი და აგრესიული გარემოების შექმნაზე ან მივყავართ ამგვარი გარემოების შექმნამდე.

ურთიერთობების ნიშნით დისკრიმინაცია ნიშნავს რომელიმე პირისადმი ყველაზე არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მახასიათებლების მქონე პირთან ან პირებთან მჭიდრო ურთიერთობის გამო.

სავარაუდო მახასიათებლების ნიშნით დისკრიმინაცია ნიშნავს რომელიმე პირისადმი, რომელსაც სავარაუდოდ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მახასიათებლები, ყველაზე არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას.

მრავალმხრივი დისკრიმინაცია არის რომელიმე პირის მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, ამ პირის იზოლაცია ან მის მიმართ შეზღუდვების დაწესება, რაც ხდება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთზე მეტის გამო.

დისკრიმინაციას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის „შესაბამის ადაპტირებაზე უარის განცხადება“.  

დისკრიმინაცია შესაძლებელია მომდინარეობდეს ცალკეული პირებისგან, კომპანიებისგან, ორგანიზაციებისგან, ასევე, სახელმწიფოსგან.

ერთად განვიხილოთ ცალკეული მაგალითები:

„მეუბნებოდნენ, რატომ დატოვე მშობლიური ქვეყანა და ჩამოხვედი აქ და რომ იმდენს არ ვმუშაობ, რამდენიც შემიძლია. ყოველდღე მლანძღავდნენ და ცუდად მელაპარაკებოდნენ. იქამდე, რომ ვერ მოვითმინე და წამოვედი. გადავწყვიტე, რომ უკეთესია უმუშევარი ვიყო, ვიდრე ყოველდღიურად ასე მექცეოდნენ“.

„არასდროს მეგონა, რომ ოდესმე დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდებოდი. „მუდმივი სამსახური“ და კარგი ანაზღაურება მქონდა. როდესაც სამსახურიდან დამითხოვეს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი სამსახურის შოვნა რამდენიმე დღის საქმე იქნებოდა. თუმცა 48 წლის ასაკში ჩემთვის ყველა კარები დახურული იყო. დავიწყე დასაქმების შესახებ განცხადებების კითხვა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. განცხადებებში 30-35 წელზე ნაკლები ასაკის პირებს ეძებდნენ“.

„განაცხადის შეტანა სახელმწიფო ორგანიზაციაში ადმინისტრაციული მუშაკის თანამდებობაზე დასასაქმებელად მინდოდა. თუმცა აუცილებელი იყო დოკუმენტაციის წარდგენა, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენას, რომელიც დაავადებებების და ფიზიკური ნაკლის არარსებობას დაადასტურებდა და პირველი ინსტანციის სამედიცინო კომისიის მიერ იქნებოდა გაცემული. რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ, ამგვარ ცნობას ვერ მივიღებდი“.

„როდესაც ჩემთან სამსახურში გაიგეს, რომ  ჰომოსექსუალი ვარ, პრობლემები დამეწყო. თავიდან ვხედავდი, რომ თანამშრომლები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, მიყურებდნენ და იცინოდნენ. მიახლოვებისას მაშინვე ჩუმდებოდნენ და იშლებოდნენ. შემდეგ შეურაცხმყოფელი წერილების მიღება დავიწყე ელექტრონული ფოსტით. როდესაც გადავწყვიტე აღნიშნულზე პრეტენზია გამომეთქვა, სამსახურიდან დამითხოვეს“.

„განაცხადი შევიტანე ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად, მაგრამ ჩემი კანდიდატურა დაიწუნეს, რადგან მუსულმანი ვარ“.

დისკრიმინაცია ახლა უკვე არის არა მხოლოდ მორალურად და სოციალურად გაკიცხვადი ქმედება თუ ქცევა, არამედ წარმოადგენს # 4443/2016 კანონის დარღვევას და შესაბამისი სასჯელით ისჯება.

კანონმდებლობა

# 4443/2016 კანონი მიმართულია თანაბარი მოპყრობის პრინციპის რეალიზაციაზე, შემდეგი ნიშნებით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ასეთი დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე:

ა) რელიგიური და სხვა მრწამსი, შეზღუდული შესაძლებლობები ან ქრონიკული დაავადება, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა ან სოციალური სტატუსი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან სქესობრივი მახასიათებლები და უზრუნველყოფს დაცვას

  • სამსახურით უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში, კერძოდ კი, შემდეგ საკითხებში:
  • შრომით საქმიანობაზე წვდომა და სამსახურში დაქირავების პირობები;
  • შრომითი საქმიანობის სახელშეკრულებო პირობები და შრომის პირობები;
  • ანაზღაურება და სამსახურიდან გათავისუფლება;
  • პროფესიული განვითარება;
  • პროფკავშირული საქმიანობა;
  • სამუშაო გამოცდილების მიღების პროცესში პროფორიენტაციის ყველა საფეხურზე პროფესიული მომზადების სფეროში;

ბ) კანის ფერი, რასა, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილება, წარმომავლობა, ზემოთ ჩამოთვლილ, ასევე, შემდეგ სფეროებში დახმარებით:

  • სოციალური დაცვა და სოციალური შეღავათები;
  • განათლება;
  • სამედიცინო მომსახურება,
  • ასევე, სიკეთეებსა და მომსახურებაზე, მათ შორის, საცხოვრებელზე, წვდომა.

აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე საჯარო და კერძო სექტორში.

რა ზომები შეუძლია მიიღოს დისკრიმინაციის მსხვერპლმა?

კანონის თანახმად, სამართლიანობის აღსადგენად, დისკრიმინაციის მსხვერპლს შეუძლია მიიღოს აუცილებელი კანონიერი ზომები. ასეთ შემთხვევაში, დისკრიმინაციის მსხვერპლმა კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს უნდა წარუდგინოს რეალური ფაქტები, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ (პირმა, რომელმაც სავარაუდოდ დისკრიმინაციული ხასიათის ქმედება ჩაიდინა) დაამტკიცოს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

თუ მიგაჩნიათ, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდით, გირჩევთ, ვიდრე სასამართლოს მიმართავთ, ყველა სხვა არსებული საშუალება გამოიყენოთ. ქვემოთ აღწერილია ის ზომები, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ:

გაარკვიეთ, რომელ საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანოებს ან ორგანიზაციებს შეუძიათ დაგეხმარონ.

მოამზადეთ საქმე. კანონიერი გზებით შეაგროვეთ მონაცემები, სასურველია წერილობითი ფორმით, რომელიც ადასტურებს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდით. შექმენით დოსიე ჩანაწერებით რეალური გარემოებების შესახებ. ეცადეთ იპოვოთ მოწმეები, ვინც მხარდაჭერას გამოგიცხადებენ. შეინახეთ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ვაკანსიაზე თქვენს განაცხადთან, შესაბამისი განცხადებები და ა.შ.

დამსაქმებელს წარუდგინეთ პრეტენზია და საჩივარი წერილობითი ფორმით. ზოგიერთ კომპანიაში არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელიც ამგვარ საჩივრებს განიხილავს. მულტინაციონალურ კომპანიებში შესაბამისი განყოფილებები შესაძლებელია მდებარეობდეს არა იმ ქვეყანაში, სადაც შრომით საქმიანობას ახორციელებთ.

საჩივრის შესატანად, მიმართეთ სახალხო დამცველს, საჯარო და კერძო სექტორში თანაბარი მოპყრობის პრინციპის განმახორციელებელ სუბიექტს, ასევე, შრომის ინსპექციის დამოუკიდებელი ორგანოს რეგიონულ სამსახურს.

თანაბარი მოპყრობის პრინციპისა და მთლიანად კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრებისთვის ტელეფონის ნომერი:

1555

 

რომელ ორგანოებს შეგიძლიათ მიმართოთ:

სახალხო დამცველი – თანაბარი მოპყრობის საკითხთა განყოფილება

მისამართი: Χαλκοκονδύλη 17, Τ.Κ. 104 32, ათენი, ტელ.: +30 (213) 130-67-75 და (213) 130-67-94,

ელექტრონული ფოსტის მისამართი: press@synigoros.gr

 

შრომის ინსპექცია – დამოუკიდებელი ორგანო

მისამართი: Δραγατσανίου 8, T.K. 101 10, ათენი, ტელ.: 1555,

ელექტრონული ფოსტის მისამართი: helpdesk@sepenet.gr

 

შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო – ინდივიდუალური შუამდგომლობების საკითხთა სამმართველო – განყოფილება IV

მისამართი: Σταδίου 29, T.K. 101 10, ათენი, ტელ.: +30 (213) 151-65-40, (213) 151-60-25, (213) 151-60-80,

 ელექტრონული ფოსტის მისამართი: oron_ergasias@ypakp.gr

 

Μετάβαση στο περιεχόμενο